სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი მოქალაქეების დარბევა ხელახლა დაიწყო.
სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ. აღნიშნულის შედეგად აქციის მონაწილეები დაშავდნენ. ზოგიერთმა მათგანმა მძიმე დაზიანება მიიღო.
ვითარება ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკო-სთან პოლიციის მიერ განთავსებული რკინის ჯებირები წააქციეს და განაცხადეს, რომ დაშლას არ აპირებდნენ.
პირველი დარბევისგან განსხვავებით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ამჯერად რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდნენ, მათ წინააღმდეგ "კანონით გათვალისწინებული ძალას" გამოიყენებდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი პირველად მას შემდეგ გამოიყენა, რაც მომიტინგეების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ცესკო-სთან მივიდა. დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.
ძალის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. მათგან ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.